ვერცხლისმოყვარეობა (ანგარება, ფულისა და სიმდიდრის სიყვარული)

არცერთი ვნება ისე საძულველი არაა, როგორც ამპარტავნება და არცერთი არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც ვერცხლისმოყვარეობა.

წმ. პეტრე დამასკელი
ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან წაიღებს აღსასრულისას.
ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი – ვერცხლისმოყვარეობა. პირველი – ადმიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი – ცხოველებთან აახლოებს.
ვერცხლისმოყვარე ღმრთისაგან განდგომილია, რადგან ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა.
მღვდელი ნ. სოკოლოვი
ოქროზე ფიქრით და ზრუნვით დაკავებულ ადამიანს არ შეუძლია ისწრაფოს ცისკენ და სურდეს მარადიული, უხრწნელი საუნჯე. მისი გული ისეა ჩაკეტილი სიმდიდრეში, როგორც ლოკოკინა – თავის ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, მოცილდეს მას. შეუძლებელია ერთად გიყვარდეს ვერცხლიც (ფული – მ.ბ.) და სულიც.
წმ. იოანე ოქროპირი
შეძენის სურვილი მშობლებში ხშირად ბუნების ხმას ახშობს, ძმებში ჩხუბს იწვევს, უდაბნოებს მკვლელებით ავსებს, ზღვებს – მეკობრეებით, ქალაქებს კი – ცილისმწამებლებით.
წმ. ბასილი დიდი
ლითონის ჩხრიალი ვერცხლისმოყვარის სმენას იმდენად იპყრობს, რომ ამის გამო მისი ყური უფლის სიტყვას ვეღარ ისმენს.
წმ. იოანე ოქროპირი
ისმინეთ ყოველთა ვერცხლისმოყუარეთა, რომელნი შეპყრობილ ხართ სენითა იუდაისითა. ისმინეთ და განეკრძალენით ბოროტისა ამის ვნებისაგან. უკუეთუ იგი ქრისტეს თანა იყო და ესოდენი სწავლნი მის მიერ ასმიოდეს და მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ მიეღო, და ამას ყოველსა ზედა, ვინაითგან არა ეკრძალა ვნებისა მისგან, ესევითარსა მთხრებლსა შთავარდა, რაიმე ვყოთ ჩუენ, უმეცართა მათ, რომელნი მარადის ამის საწუთროისადა შემსჭუალულ ვართ?
წმ. იოანე ოქროპირი
შეუძლებელია ვერცხლი და სული (ღვთისა) ერთდროულად გიყვარდეს.
წმ. იოანე ოქროპირი
ჯოჯოხეთი არ იტყვის „კმარა“ (იგავნი 30, 16) და მომხვეჭელი არ აღიარებს: „საკმარისია“.
წმ. ბასილი დიდი
ვერცხლისმოყვარესათვის სიმდიდრე იგივეა, რაც შეშლილისთვის – მახვილი.
წმ. იოანე ოქროპირი
ყველა ცოდვა ადამიანთან ერთად ბერდება, მხოლოდ მომხვეჭელობა დღითიდღე ახალგაზრდავდება.
წმ. ამბროსი მედიოლანელი
მაცხოვრის მცნება მოუხვეჭელობის შესახებ: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან“ (მათე 6, 19) არა მხოლოდ მდიდრებს შეეხება, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბ-ღატაკიც შეიძლება თავის ერთადერთა მანეთიანთან ისე იყოს მიჯაჭვული, როგორც მდიდარი – ათას მანეთთან.
დეკანოზი პავლე სოკოლოვი
გამდიდრება გსურს? ღმერთს დაუმეგობრდი და მდიდართა შორის უმდიდრესი იქნები.
წმ. იოანე ოქროპირი
ვერცხლისმოყვარეობა რაც მეტს პოულობს, მეტს ეძებს.
თუკი შენ იესოს მორჩილებას შეწყვეტ და უსამართლოდ შეკრებას დაიწყებ, იუდასაებრ დაგემართება, რომელმაც არათუ შეიკრიბა რამე, არამედ სული და ხორცი წარიწყმიდა.
მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი
ვინც მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს, მუდამ დარდიანი და შეწუხებულია, ან ქონებას დაკანკალებს, არავინ წამართვასო, ან სული არ წამართვანო. ასეა ძუნწი კაცი, რომელსაც სტკივა მაგრამ მოკუმშული ხელი; მან თავისი გულიც მოკუმშა და ქვად აქცია. იმისთვის, რომ განიკურნოს, მას ტანჯული ადამიანი უნდა შეხვდეს და შინაგანად შეძრას, მაშინ იძულებული გახდება, თავისი მოკუმშული ხელი ნელ-ნელა გაშალოს, ქვადქცეული გულიც მოლბება და ადამიანის გულად იქცევა, და მისთვისაც გაიხსნება სამოთხის კარი.
ბერი პაისი ათონელი

ვერცხლისმოყვარება - ძირი ყოველგვარი ბოროტებისა

 

* * *

ალექსანდრიის პატრიარქი, წმ. იოანე მოწყალე იცნობდა ერთ ძუნწ და ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსს. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში მიდიოდა, თან წაიყვანა იგი და, რაკი იცოდა, რომ ეპისკოპოსს ჰქონდა ფული, უთხრა მას:
- მამა ტროილ, ახლა შენი რიგია, რომ ეს გლახაკები ანუგეშო მოწყალებით.
ტროილს არ უნდოდა მოწყალების გაცემა, მაგრამ შერცხვა წმინდა იოანესი და რაც ჰქონდა, სულ გასცა გლახაკებზე. მას კი 30 ლიტრა ოქრო ჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, ძლიერ ინანა და ისეთ მოწყინებაში ჩავარდა, რომ აღარ დაეწვია იოანეს ტრაპეზზე. ემცნო წმიდა იოანეს სულიწმიდისაგან მიზეზი ტროილის მოწყინებისა, აიღო 30 ლიტრი ოქრო და მივიდა მასთან:
-მე მოგიტანე ის ოქრო, რომელიც შენ ჩემი თხოვნით გაეცი საავადმყოფოში. გამომართვი და მომეცი ხელწერილი, რომ შენ უარს ამბობ იმ ჯილდოზე, რაც გამზადებული იყო შენთვის მოწყალების გაცემის გამო.
ვერცხილმოყვარე ტროილმა დაივიწყა სირცხვილი და შიში ღმრთისა. დაინახა თუ არა ოქრო, მაშინვე გამოკეთდა. მან დაუწერა იოანეს ასეთი ხელწერილი: „კაცთმოყვარე უფალო! ჩემს ნაცვლად ჯილდო მიეცი იოანეს, ალექსანდრიელ პატრიარქს, რომელმაც დამიბრუნა მოწყალებისათვის გაცემული 30 ლიტრი ოქროს სანაცვლო.“
იოანემ აიღო ხელწერილი, დაბრუნდა შინ, დადგა ხატებთან და საიდუმლოდ ლოცულობდა, რომ უფალს განეკურნა ტროილი ვერცხლისმოყვარეობისაგან.
მომდევნო ღამეს ტროილმა სიზმრად ნახა დიდებული სასახლე. შესასვლელში ოქროს ასოებით ეწერა: „სავანე და მარადიული განსასვენებელი ეპისკოპოს ტროილისა“. მას გაუხარდა, მაგრამ უეცრად ვიღაცა გამოეცხადა მოსამსახურეებს და სამყაროს შემოქმედის სახელით უბრძანა, წაეშალათ ოქროს წარწერა და მის ნაცვლად დაეწერათ: „„სავანე და მარადიული განსასვენებელი იოანესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა, რომელმაც იგი შეიძინა 30 ლიტრი ოქროს საფასურად“.
ტროილს შიშისაგან გამოეღვიძა, სინანული ჩაეღვარა გულში, მიხვდა, რომ 30 ოქროს გამო ცათა სასუფეველი დაკარგა და სასწრაფოდ გაიქცა იოანესთან. უამბო ყველაფერი და შენდობა ითხოვა. იოანემ იგი მრავალი რჩევა-დარიგებით დამოძღვრა, რის შემდეგაც ტროილი გახდა გლახაკთა მოყვარე და მოწყალე.

* * *

ღვაწლში მყოფი მამები ერთ მებაღეზე მოგვითხრობენ, რომელიც საკუთარ ბაღს ამუშავებდა და გამომუშავებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარდა, გამოკვებისათვის კი თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იტოვებდა. გადიოდა დრო. ერთხელ სატანამ გულისთქმა შთაუნერგა: ფული დააგროვე, რომ მოხუცებულობაში და ავადმყოფობისას დანიშნულებისამებრ მოიხმაროო. მებაღემ თანხის გადანახვა დაიწყო და მალე დაგროვილი მონეტებით თიხის ჭურჭელი აავსო.
გავიდა ხანი, მებაღე ავად გახდა - ფეხი დაუჩირქდა; დაგროვილი ფული ექიმებს დაახარჯა, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს. ერთხელ გამოცდილმა ექიმმა მოინახულა და უთხრა: „თუ ფეხის მოკვეთაზე არ დათანხმდები, მთლიანად დაგიჩირქდებაო“ და ოპერაციის დღე დაუნიშნა. ოპერაციის წინა ღამეს მებაღე გონს მოეგო, საქციელი შეინანა, ოხვრითა და ტირილით მოსთქვამდა: „მოიხსენე, უფალო, მოწყალებანი, რომელიც ბაღში მუშაობისას გამიცია და ავადმყოფებისათვის დახმარების ხელი გამიწვდია“. როდესაც ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: - სად არის შენ მიერ დაგრივილი ფული? სადღა არის შენი იმედის საბაბი? მებაღე საკუთარ ცოდვას მიხვდა და შეჰღაღადა: „უფალო! შეგცოდე. მაპატიე, დღეიდან ადრინდელ საქმიანობას თავს ვანებებ“. მაშინ ანგელოზი მის ფეხს შეეხო და განკურნა.
დილით ექიმები ოპერაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტებით მებაღესთან მივიდნენ და ავადმყოფი სახლში არ დაუხვდათ; კითხვაზე, თუ სად იყო, მიუგეს: „დილაადრიან სამუშაოდ ბაღში წავიდა“. ექიმი იქითკენ გაემართა და მიწაზე მომუშავე - ყოფილი ავადმყოფი იხილა და უფალი განადიდა, რომელსაც წამისყოფით იმ ავადმყოფის განკურნებაც ძალუძს, ვისი განკურნებაც ექიმებს არ შეუძლიათ.

* * *

ალექსანდრიაში ერთი მორჩილი გარეგნობის ქალწული ცხოვრობდა, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ სახელად ატარებდა ღვთის მიერ ბოძებულ მადლს - ქალწულებას; სინამდვილეში კი ხარბი, ჭირვეული და ფულისმოყვარე გახლდათ; უფრო მეტად ვერცხლისმოყვარე იყო, ვიდრე ქრისტესმოყვარე. თავისი ქონებიდან მოწყალებად მაწანწალის, ღარიბ-ღატაკის, ბერ-მონაზონის, ქალწულის, უბედურებაში მყოფი ადამიანის, ან კიდევ ეკლესიისთვის ერთ ოვოლსაც (ფულის ერთეული) კი არ გაიღებდა. მიუხედავად წმიდა მამათა მრავალჯერადი შეგონებისა, ხარბი ქალწული სიმდიდრის ტვირთისაგან გათავისუფლებას ვერ ახერხებდა. მდიდარ ქალწულს ნათესავები მრავლად ჰყავდა და აღსაზრდელად დის ქალიშვილი აიყვანა. ახლადშეძენილ შვილს მთელი ქონების დატოვებას ჰპირდებოდა, ზეციური სასუფევლის არსებობა კი არ ახსენდებოდა.
ამგვარი ყოფა - ეშმაკის ცდუნებათა ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც ადამიანში ახლობლებისადმი სიყვარულის საბაბით მომხვეჭელობის ვნება ისადგურებს.
ალექსანდრიის მოწყალებათა სახლის ღარიბ-ღატაკთა თავშესაფრის პრესვიტერმა და ზედამხედველმა - წმიდა მაკარიმ განიზრახა სიხარბის სენისაგან განეკურნა ქალწულებრივი ღვაწლისგან განშორებული ალექსანდრიელი ვერცხლისმოყვარე ქალწული. ახალგაზრდობაში წმიდა მამა ქვისმთლელის ხელობას ფლობდა. ერთხელ წმიდა მაკარი მდიდარ შინაბერასთან მივიდა და უთხრა: „ძვირფასი ქვები - ზურმუხტი და იაგუნდი აღმოვაჩინე. მოპარულია თუ შეძენილი არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ შეუფასებელია. მფლობელი 500 ვერცხლად ჰყიდის. თუ ძვირფასი ქვების შეძენას აპირებ, თანხა მე გამატანე. შენაძენი ქალიშვილისთვის გამოგადგება“. დისშვილზე ვითომ შეყვარებულ ქალწულს გაუხარდა, შესაძელბლობა რომ მიეცა, საყვარელი არსება თვალმარგალიტით შეემკო, წმიდა მამას ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა: „ჰქმენ წყალობა! არავის მიჰყიდო“. წმიდა მამამ უპასუხა: „წამომყევი და ძვირფასეულობა შენი თვალით იხილე“. ხარბმა ქალწულმა კი 500 ვერცხლი ჩაუთვალა და მიმართა: „გთხოვ, თვითონვე მომართვა, რადგან იმ ადამიანთან შეხვედრა არ მსურს, ვინც მათ ჰყიდისო“. წმიდა მაკარიმ მოპოვებული თანხა თავშესაფრის კეთილმოწყობას და კეთილდღეობას მოახმარა.
დიდი ხნის შემდეგ მდიდარი მოვალე წმიდა მამას ეკლესიაში შეხვდა და შეეკითხა: „სად არის ძვირფასეულობა, 500 ვერცხლად რომ შევიძინეო“. წმიდა მაკარიმ უპასუხა: „როგორც კი ფული მომეცი, თანხა პატრონს მივუტანე და ძვირფასი ქვები გამოვართვი, თუ მათი ნახვა გსურს, თავშესაფარში წამომყევი და იხილავ“. ხარბი ქალწული სიხარულით გაჰყვა. წმიდა მამის მიერ დაარსებული მოწყალების სახლი ორი სართულისგან შედგებოდა. მეორე სართულზე ქალები ბინადრობდნენ, პირველზე - კაცები. როდესაც ღარიბთა თავშესაფარს უახლოვდებოდნენ, წმიდა მაკარი შეეკითხა: „თავდაპირველად იაგუნდის თუ ზურმუხტის ხილვა გსურსო?“ „როგორც ინებებ“ - უპასუხა ქალწულმა. ბერმა ზემო სართულზე აიყვანა და დასნეულებული ქალები უჩვენა: „ეს იაგუნდია“, შემდეგ ქვემოთ ჩამოიყვანა და დავრდომილ კაცებზე მიუთითა: „ეს კი - ზურმუხტი, ამაზე ძვირფასს ვერსად მოიძიებ, თუ არ მოგწონს, ფულს დაგიბრუნებ“.
ხარბი ქალწული მოწყალების სახლიდან დარცხვენილი გამოვიდა და სახლში მისვლისთანავე მწუხარებამ შეიპყრო, რომ კეთილი საქმე ღვთის სიყვარულის გამო კი არ ჩაიდინა, არამედ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ყოველივე ამის შემდეგ, გონს მოსული ქალწული თვალის ახელვისათვის წმიდა მამას დიდად ჰმადლობდა.

* * *

ნიტრიაში მცხოვრებ ერთ ბერ-მონაზონს, რომელიც თავშენახული უფრო იყო, ვიდრე ხარბი, დაავიწყდა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე 30 ვერცხლად იქნა გაცემული: ქარგვით 100 ოქრო დააგროვა და მალე მოკვდა, ოქრო კი დარჩა. ბერის გარდაცვალების შემდეგ ამ სავანეში მოღვაწე 5000 მამა შეიკრიბა, რათა შეთანხმებულიყვნენ, დარჩენილი ოქრო როგორ მოეხმარათ; ზოგი მათგანი - ღარიბ-გლახაკთათვის დარიგებას ამჯობინებდა, ზოგი ეკლესიისათვის შეწირვას არჩევდა, ზოგიერთი კი - გარდაცვლილის ნათესავებისთვის გადანაწილებას განიზრახავდა. მაგრამ წმიდა მამებმა მაკარიმ, ჰამვომ, ისიდორემ და კიდევ სხვა ღვაწლში მყოფმა მამებმა, რომლებშიც სული წმიდის მადლი მკვიდრობდა, დაადგინეს: 100 ოქრო ბერთან ერთად დაემარხათ და გარდაცვლილისათვის მიემართათ: „ეგ შენი ვერცხლი შენთანავე იყოს წარსაწყმედელად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღმრთის ნიჭი“ (საქმე მოციქულთა 8, 20). ამ მოვლენამ ეგვიპტეში მოღვაწე მამები იმდენად შეაძრწუნა, რომ ერთი ოქროს მონეტის გადანახვასაც კი ცოდვად მიიჩნევდნენ. წმიდა მამების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, შესაძლოა მკაცრი მოგვეჩვენოს, მაგრამ დადგინების მიმღებელნი სული წმიდის ნების აღმასრულებელნი იყვნენ.
- See more at: http://www.orthodoxy.ge/pateriki/vertskhlismokvareba.htm#sthash.Oq0UqhvG.dpuf

სიმდიდრის სიყვარულს სამი მიზეზი აქვს: გემოთმოყვარება, დიდებისმოყვარება და ურწმუნოება. მათ შორის ყველაზე ძლიერია ურწმუნოება. გემოთმოყვარეს სიმდიდრე უყვარს სიამოვნებისთვის, დიდებისმოყვარეს – განდიდებისთვის, ხოლო ურწმუნოს – რომ დაფაროს და შეინახოს იგი, – შიმშილის, სიბერისა და სნეულების შიშით; ფულის იმედი უფრო აქვს, ვიდრე ღვთისა... მეურნე კაციც აგროვებს სიმდიდრეს. ის სწორად აგროვებს, იმისთვის, რომ არასოდეს გაღატაკდეს მისი ხელი ყველასათვის საჭიროს მისაცემად. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)
ისინი, ვინც დაიპყრო სიმდიდრის შეგროვების უგუნურმა ვნებამ და სიყვარულმა, ამისთვის მთელ თავის ძალებს ხარჯავენ და ვერასოდეს ძღებიან, რადგან ვერცხლისმოყვარება განუძღომელი სიმთვრალეა. (წმ. იოანე ოქროპირი)
ვერცხლისმოყვარის ქონებას ხშირად მრავალნი ინაწილებენ, ხოლო ის ცოდვები, რომლებიც მან ამ ქონების გამო ჩაიდინა, მხოლოდ მას მიაქვს (იმქვეყნად). (წმ. იოანე ოქროპირი)
ვერცხლისმოყვარენო, შეხედეთ და დაუკვირდით, რა დაემართა გამცემელ იუდას, როგორ დაკარგა ფულიც და დაღუპა თავისი სულიც. ასეთია ვერცხლისმოყვარების ტირანია; ვერც ფულით ისარგებლა, ვერც აწინდელი ცხოვრებით, ვერც მომავალი ცხოვრებით, უცბად დაკარგა ყველაფერი... (წმ. იოანე ოქროპირი)
ფულს ისე უნდა ვფლობდეთ, როგორც ბატონს შეშვენის, – ისე, რომ ჩვენ ვუფლებდეთ მასზე და არა ის ჩვენზე. (წმ. იოანე ოქროპირი)
ვერცხლისმოყვარენი შეიძლება მივიჩნიოთ გონებითა და გულით კეთროვნებად, გეეზის მსგავსად (4 მეფ. 5,27), რომელმაც ამასოფლის განხრწნადი ფული მოინდომა და კეთრის წყლულით განიგმირა. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ყველა სული, ვნებისგან შებილწული, განიგმირება სიბილწის სულიერი კეთრით და ღვთის წინაშე უწმინდური, ექცევა მარადიული წყევის ქვეშ. (ღირსი იოანე კასიანე რომაელი)
ვინც ფულის სურვილითაა შეპყრობილი, განიკითხება როგორც ვერცხლისმოყვარე, თუნდაც რომ სრულიად არაფერი გააჩნდეს. (წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)
ეს საცოდავი ვნება (ვერცხლისმოყვარება) სიღარიბისგან არაა გამოწვეული, უფრო სიღარიბის გრძნობაა ამ ვნებისგან გამომდინარე, ხოლო თვით ეს ვნება უგუნურებისგანაა, რადგან ყოველთა მეუფემ – ქრისტემ სამართლიანად უწოდა უგუნური იმას, ვინც თქვა: „დავარღვინე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე“ (ლუკა 12,18). რამეთუ როგორ არაა უგუნური ის, ვინც იმ საგნებისთვის, რომელთაც არანაირი არსებითი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ – „რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან“ (ლუკა 12, 15), – ასეთი საგნებისათვის გასცემს ყველაზე სასარგებლოს (მარადიულ სიკეთეებს). (წმ. გრიგოლ პალამა)
„სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა“, – ამბობს წინასწარმეტყველი (ფსალმ. 61,11). დიდი უგუნურებაა გული ოქროს მიაჯაჭვო და დამღუპველ მევახშეობაზე დაამყარო სასოება. ამრიგად, ნუ იქნები განხრწნადი სიმდიდრის იმედზე და ნუ გამოედევნები ოქროს, რადგან, როგორც ნათქვამია: „რომელსა უყუარდეს ოქროჲ, არა განმართლდეს“ (ზირაქ. 31,5), არამედ ცოცხალ ღმერთზე დაამყარე სასოება (1 ტიმ. 4,10), რომელიც მარადიულია და რომელმაც შექმნა ყოველივე.
ნუ გეშინია რაიმეს მოკლებისა, რადგან ადრე არაფერი გქონდა – ახლა გაქვს, და თუ არ გაქვს – გექნება. რამეთუ არ გაღარიბებულა ის, ვინც ყველაფერი შექმნა, და არასოდეს გაღარიბდება. მტკიცედ გწამდეს ეს: არ გაღარიბებულა ყოველივეს არმყოფობიდან მყოფობაში მომყვანი, მშიერთათვის საჭმლის მიმცემი. ყოველი ცოცხალი არსების გამომზრდელი ყველაფერში უხვია. ნუ იქნები ძუნწი მთხოვნელების მიმართ და ზურგს ნუ შეაქცევ მას (ღმერთს), ვისი სახელითაც გთხოვენ, ყველაფერი მიეცი შენთვის მომცემელს (ღმერთს), რათა მისგან ას წილად მიიღო.
ნუ გამოედევნები მრავალს, არამედ მადლობელი იყავი მცირედისთვის. რამეთუ ყველანი მრავალს მისდევენ, მრავალს დაეძებენ, ყველანი ყველაფერზე ზრუნავენ, მაგრამ ყველაფერს ტოვებენ უკანასკნელამდე და აქედან ვერაფერს წაიღებენ. სჯობს მცირედისთვის იყო მადლობელი, ვიდრე უგუნურად ეძიებდე მრავალს. „შჯობს მცირედი მართლისაჲ, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“ (ფსალმ. 36,16). რადგან ყველაფერი, რასაც აქ მოიპოვებ და შეიძენ, მიწაზე დარჩება, ხოლო შენ, ყველაფრის დამტევებელი, გაშიშვლებული სულით დამკვიდრდები საფლავში. (წმ. დიმიტრი როსტოველი)
ვერცხლისმოყვარება, ისევე როგორც ყველა ვნება, დაბუდებულია ადამიანის გულში და დაპყრობილი აქვს გული. აქედან გამომდინარე, მარტო ის არაა ვერცხლისმოყვარე, ვინც საქმით ყოველგვარი საშუალებით აგროვებს სიმდიდრეს და ინახავს, არ უნაწილებს მთხოვნელებს, არამედ ისიც ვერცხლისმოყვარეა, ვინც მართალია არ აგროვებს და უქონელია, მაგრამ სიმდიდრის განუძღომელი სურვილი აქვს. (წმ. ტიხონ ზადონელი)
ერთი მონაზონი ნიტრიაში, უფრო მომჭირნე, ვიდრე ძუნწი, ტილოებს ქსოვდა და ასი ოქროს ფული დააგროვა – დაივიწყა, რომ ოცდაათი ვერცხლისათვის გაიცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მონაზონი გარდაიცვალა, ოქროები დარჩა. მონაზვნები შეიკრიბნენ იმის განსასჯელად, თუ რა ექნათ ამ ფულისთვის. იქ დაახლოებით ხუთი ათასი მონაზონი ცხოვრობდა, ყველა ცალკე სენაკში. ერთნი სთავაზობდნენ ფულის გლახაკებისთვის დარიგებას, სხვები ეკლესიისთვის მიცემას, ზოგიერთები – ნათესავებისთვის გადაცემას. მაგრამ მაკარიმ, პამბამ, ისიდორემ და სხვა წმიდა მამებმა, მათში დამკვიდრებული სული წმიდის მოქმედებით დაადგინეს: დაემარხათ ფული მეპატრონესთან ერთად და ამასთანავე ეთქვათ გარდაცვლილისთვის: „ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა“ (საქმე 8,20). ამ მოვლენამ ისეთი ზარი დასცა ეგვიპტის ყველა მონაზონს, რომ ამ დროიდან ისინი მძიმე დანაშაულად თვლიდნენ ერთი ოქროს ფულის შენახვასაც. ეს მოქმედება შესაძლოა ულმობელად მოგვეჩვენოს, მაგრამ მამები მხოლოდ სული წმიდის იარაღები იყვნენ. (წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი – „ოტეჩნიკი“)
სიმდიდრე და ვერცხლისმოყვარება სულის შთანმთქმელი ურჩხულია, რადგან არც ერთი ვერცხლისმოყვარე არასოდეს ყოფილა კაცთმოყვარე, ხოლო ვისაც ადამიანი არ უყვარს, მას არ უყვარს ქრისტე. (წმ. იოანე ოქროპირი)
სიმდიდრე ვერცხლისმოყვარისთვის იგივეა, რაც შეშლილისთვის მახვილი. (წმ. იოანე ოქროპირი)
როგორც ზღვა არასოდესაა ტალღების გარეშე, ასევე ვერცხლისმოყვარე კაცის გული ვერ იქნება მწუხარების, ზრუნვის, შიშისა და ამბოხის გარეშე. (წმ. იოანე ოქროპირი)
შეძენის ვნება ხშირად მშობლებში ბუნების ხმას ახშობს, ძმათა შორის შუღლს აღძრავს, უდაბნოებს მკვლელებით ავსებს, ზღვებს – ავაზაკებით, ქალაქებში ცილისმწამებლებს აჩენს. (წმ. ბასილი დიდი)
ეშმაკი გვირჩევს დავაგროვოთ სიმდიდრე და ჩვენს საკუთრებად ჩავთვალოთ ის, რაც ღმერთმა ყველა ადამიანის საზოგადო მოხმარებისთვის შექმნა, – რომ ამგვარი ანგარების საშუალებით დანერგოს ჩვენში ორი ცოდვა და მარადიული სატანჯველის თანამდები გაგვხადოს; პირველი ცოდვაა – უგულობა და უმოწყალობა, მეორე – საკუთარი ქონების და არა ქრისტეს იმედი. (წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)


No comments:

Post a Comment