პატვიმოყვარეობა

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 22

პატივმოყვარეობის შესახებ

1. ზოგიერთი თვლის, რომ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ უმთავრეს ვნებათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი რვას ასახელებს. რადგან პირველი ვნებად ნაყროვანებას თვლის, მეორედ - სიძვას, მესამედ - ვეცხლისმოყვარეობას, მეოთხედ - მრისხანებას, მეხუთედ - მოწყინებას, მეექვსედ - მწუხარებას, მეშვიდედ - პატვიმოყვარეობას და მერვედ - ამპარტავნებას; ხოლო სხვები შვიდ ვნებას მოთვლიან, რადგან პატივმოყვარეობას და ამპარტავნებას ერთად თვლიან და მე მათ მეტად ვუჭერ მხარს, რადგან არ არსებობოს კაცი, რომელმაც სძლია პატვიმოყვარეობას და ამპარტავნებს მიერ იძლია, რადგან მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ყმაწვილსა და მამაკაცს შორის, რადგან პირველნი მათთაგან დასაწყისს წარმოადგენენ, ხოლო მეორენი - დასასრულს.
2. ახლა კი თანმიმდევრულად, მოკლედ ვთქვათ ყოველგვარი ვნების დასაწყისის და დასასრულის პატივმოყვარეობის შესახებ, რადგან ვინც მის შესახებ გრძლად და ფართოდ საუბრობს, იმ კაცს ემსგავსება, ქარის აწონვა რომ სურს.
3. პატვიმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსადგურში დაღუპვის მომტანი და კალოზე - ჭიანჭველა, რადგან მცირეა, მაგრამ შეუძლია, ყოველგვარი ნაშრომი და ნაყოფი გააფუჭოს.
4. ჭიანჭველა მარცვლის დამწიფებას ელის, ხოლო პატივმოყვარეობა ელის, რომ მონაზვნის სიმდიდრე მიიტაცოს.
5. ჭიანჭველას უხარია, როცა იპოვის და მოიპარავს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე.
6. სასოწარკვეთილების ეშმაკს ბოროტების სიმრავლე ამხიარულებს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე.
7. პირველის ასული წყლულთა სიმრავლეა, ხოლო მეორესი - შრომის სიმრავლე.
8. დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში.
9. მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობთ, ჩემს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მაღლდება, რადგან თავს ბრძნად მივიჩნევ; როდესაც ვდუმვარ, თავს ვიმაღლებ და როდესაც ვსაუბრობ - იგივე მემართება; სადაც არ უნდ გადავაგდო ეს ბოროტი ეკალი, მისი წვერი ყველგან სულის განსაგმირად შემართული იქნება.
10. ქრისტიანობაში პატივმოყვარე კერპმსახურია, რადგან მას ჰგონია, რომ ღმერთი სწამს, სინამდვილეში პატივისმიღება ღვთისგან კი არა - კაცთაგან სურს.
11. ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატვიმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოჰყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღარსრულებს.
12. პატვიმოყვარე მოღვაწე ორმხრივ ავნებს საკუთარ თავს, რადგან ხორცსაც იტანჯავს და ვერც ჯილდოს მიიღებს.
13. ვინ არ დასცინებს და უფრო მეტად - ვინ არ იგლოვებს პატივმოყვარე მოღვაწეს, რადგან ლოცვაზე დგომისას ხან იცინის, ხან კი ყველას დასანახად ტირის.
14. ხშირად, თუ რაიმე სათნოება გაგვაჩნია, ღმერთი გვიმალავს მას, რათა სიმდაბლე შევიძინოთ; რადგან, ვინც გვაქებს და უფრო მეტად - ვინც ქებით გვაცდუნებს, ჩვენს სიმდიდრეზე გვიხელს თვალს, ხოლო ეს სიმდიდრე დანახვისთანავე იღუპება და უჩინარდება.
15. ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. „შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს“ (ეს. 3.12). - ამბობს წინასწარმეტყველი.
16. დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმიდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს.
17. ვნახე მტირალნი, რომელთაც სხვები აგინებდნენ და ამიტომ განრისხდნენ და როგორც სავაჭროში - ვნებით ვნება შეიძენს.
18. „ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან“ (კორ. 2.11). ამგვარად, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც პირში აქებს ადამიანებს.
19. როდესაც გაიგებ, რომ მეგობარი აუგად გახსენებს, მაშინ მის მიმართ სიყვარული გამოამჟავნე.
20. დიდი საქმეა, თუ სულს კაცობრივ ქებას განარიდებ, მაგრამ ამაზე დიდი ეშმაკეული ქების განრიდებაა.
21. სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს.
22. შევამჩნიე ეშმაკეული პატვიმოყვარეობის ასეთი მზაკვრობა: მან ერთ ძმას გულში ბოროტი ზრახვები ჩაუნერგა, მერე წავიდა და მეორე ძმას აუწყა იმის შესახებ, რაც პირველში დანერგა. შემდეგ ეს მეორე ძმა პირველს მიუგზავნა, რათა მისი გულისთქმები ეთქვა და როგორც დაფარულის მცნობელი, პატივმოყვარეობას შეეპყრო.
23. ხშირად ის უწმინდური სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შეეხებოდა, თავისი ცბიერებით ბოროტებას დათესავდა და სხეულის ნაწილების ათამაშებით მომავალ საქმეებს უცხადებდა.
24. როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვორბის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია.
25. როდესაც ცოტა ხნით უდაბნოში დავეყუდებით და სიმშვიდეში ვართ, მტერი ჩაგვაგონებს, რომ სოფლად მივიდეთ, რათა დაღუპულთა სულები გადავარჩინოთ და ვაცხონოთ ისინი.
26. სხვაგვარი საქმე აქვს ეთიოპელს და სხვაგვარი - თეთრს. ამგვარად სხვადასხვაგვარია პატივმოყავრეობა მათი, ვინც ძმათა შორის მონასტერში ცხოვრობს და მათი, ვინც უდაბნოში, დაყუდებაში იმყოფება.
27. როდესაც ერისკაცები სტუმრობენ მონასტერს, მათ წინ პატივმოყვარეობის ეშმაკი უსწრებს, რათა უგნური მონაზვნები დაარწმუნონ, რომ გამოვიდნენ და მიეგებნონ მათ.
28. ისინი ფეხებში უვარდებიან მათ, სიმდაბლეს ჩემულობენ და ამპარტავნებით არიან სავსენი. მათ წინაშე მშვიდი სახით წარმოჩინდებიან, ხოლო გონებაში კი მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ მათგან რაიმე ნივთიერი მიიღონ; ბატონებს უწოდებენ მათ და არწმუნებენ, რომ ღვთის მერე თქვენ ხართო ჩვენი მაცოცხლებელი.
29. სუფრასთან ჯდომისას, პატივმოყვარეობა ჩააგონებთ, რომ იმარხულონ და მათზე უმცირესნი უმოწყალოდ ამხილონ.
30. ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნეებად აქცევს, უხმოებს - კეთილხმოვანებად, მძინარებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს იხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მამას უწოდებენ მას, ვიდრე ერისკაცები წავიდოდნენ.
31. თუ მათ თხოვნას უპირატესი პატივს სცემს, ამპარტავნობენ, ხოლო თუ უარს მიიღებენ, ბოროტად ახსოვთ ეს ამბავი ყოველთვის.
32. ერისკაცების წასვლის შემდეგ პატივმოყვრეობის ეშმაკი მათ გულებში ურჩობას ნერგავს და ყველას მიმართ მრისხანებასა და შუღლს ამჟღავნებენ.
33. ხშირად პატივმოყვარეობას პატივისცემის მაგიერ შეურაცხყოფა მოაქვს, რადგან, მრისხანეს თავისი მოწაფეებისათვის უდიდესი ბოროტება მოაქვს.
34. პატივმოყვარეობა ამპარტავანს კაცთა წინაშე მშვიდად წარმოაჩენს.
35. ის ძალიან ადვილად შეერწყმის კაცთა ბუნებას და ბევრ საბრალოს მისი საშუალებით ამარცხებს; ვნახე ეშმაკი, რომელმაც თავისი მეგობარი ეშმაკი დაამწუხრა და განსდევნა: ძმები ერთმანეთს განურისხდნენ, როდესაც ჩხუბობდნენ, სტუმრები ეწვივნენ, მათ წამსვე მიატოვეს ჩხუბი, ოღონდ ღვთისთვის კი არა - პატივმოყვარებისათვის; მრისხანებისაგან გამოვიდნენ და პატივმოყვარეობას მიეცნენ, რადგან ორივეს ერთად მონობა ამ საბრალოებს არ შეეძლოთ.
36. პატვიმოყვარე ცხოვრების წესითა და ხორცით მონაზონთა შორის იმყოფება, ხოლო გონებითა და საქმით ერისკაცთა შორისაა.
37. საყვარელნო, ვისაც ზეციური სიკეთის მიმართ აქვს სწრაფვა, ზეციურ დიდებას იხილავს, რადგან ვისაც მისი დიდების გემო უგემია, ყოველგვარ ქვეყნიურ დიდებას შეურაცხყოფს; მიკვირს: პირველი თუ არ განუცდია ვინმეს, მან მეორის უარყოფა როგორ შეძლო?
38. ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს და თუმცა სასიქადულო გამოვიდა, რადგან ამ მოღვაწეებმა პატივმოყვარე აზრები სიმდაბლით შეცვალეს.
39. ვინც ბუნებრივი თვისებების გამო პატივმოყვარეობაშია, ვთქვათ, განათლების, ხელმარჯვეობის, კარგი კითხვის შორსმჭვრეტელობის, საამო ხმისა და სახის, ან აგებულების ან რაიმე მსგავსების გამო, იგი ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეს ვერასოდეს მიღებს, რადგან, ვისაც მცირეოდენი ურწმუნოებაში აგდებს, იგი დიდის მიმართაც ურწმუნო და პატივმოყვარე იქნება.
40. ბევრმა ადამიანმა შემუსრა და დაადნო ხორცი, რათა დაეძლია ვნებები და სასწაულთმოქმედების მადლი და წინასწარმეტყველების ძალა მიეღო; სიმდაბლე კი ვერ შეიძინა. ვერ მიხვდნენ ეს უბადრუკნი, რომ შრომა კი არა, უმეტესად სიმდაბლეა ყოველივე ამის დედა.
41. ვინც თავისი შრომის საფასურად ღვთისგან საჩუქარს ითხოვს, მას უნაყოფო და სუსტი საძირკველი ჩაუყრია. ხოლო, ვისაც საკუთარი თავი ჭირისა და მრავალი შრომისათვის გადაუდვია, იგი მოულოდნელად და წინასწარი უწყების გარეშე დიდ სიმდიდრეს მიიღებს.
42. საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა“, რომელმაც „სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს“ (მათ. 16.26)?!
43. მოყვასს სხვა ვერაფრით ვარგებთ იმდენს, რამდენსაც - სიმდაბლით, კეთილი ქცევითა და ტკბილი სიტყვით; რადგან ამით სხვებსაც სიმდაბლის მაგალითად ვექცევით და ამაზე დიდ სარგებელს ვერაფრით მოვუტანთ.
44. ერთხელ ერთი წმიდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მარცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა, რომ იქ მყოფთათვის მეთქვა რაიმე ჩვენების ან ჩემი უდაბნოში მოღვაწეობის შესახებ, მე კი განვდევნე და ვუთხარი: „მართლუკუნიქცენ და სირცხვილეულიქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი“ (ფს. 39.15); იმ წუთასვე ჩემგან მარცხნივ მყოფმა მითხრა ყურში: ვაშა, ვაშა, კეთილად ქმენ და განდიდდი, როდესაც უსირცხვილო დედას ჩემსას, სძლიე. - მაშინ მისკენ მივბრუნდი და წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მოსდევდა ზემოთქმულს: „მიიღეთ მეყსეულად სირცხვილი მათი, რომელი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!“
45. მაშინ ვკითხე ამ ბერს, თუ რად ითვლება პატივმოყვარეობა ამპარტავნების დედად; ხოლო მან მიპასუხა; ქება ადამიანის სულს აამაღლებს და როდესაც სული თავს აიმაღლებს, მაშინ მას ამპარტავნება შეიპყრობს, ცამდე აიტაცებს მას და შემდეგ უფსკრულში და ჯოჯოხეთის ქვესკნელში ჩააგდებს.
46. არსებობს უფლის სიტყვა, რომელიც წერილშია ნათქვამი: „ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ!“ (1მეფ. 2.30); და არსებობს სიტყვები, რომელიც ეშმაკის მზაკვრობისაგან მოდის, რადგან ნათქვამია: „ვაი თქუენდა, რამეთუ კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“ (ლუკ. 6.26).
47. თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დროს, გსურს, ადამიანებმა შენი სათნოებები დაინახონ.
48. ეს უწმინდურნი გვარწმუნებენ, რომ დავიჩემოთ და მივითვისოთ ის სათნოებები, რომლებიც არ მოგვიხვეჭია და გვახსენებენ სახარების სიტყვებს: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამას თქუენსა ზეცათასა“ (მათ. 5.16).
49. ხშირად ღმერთი მისთვის საყვარელ ადამიანებს პატვიმოყვარეობის ვნებისაგან კაცთაგან შეურაცხოფისა და გინების მიღებით განკურნავს.
50. სიმდაბლის დასაწყისია ბაგის დაცვა, კრძალულება და შეურაცხყოფის სიყვარული; მისი საშუალო მდგომრეობა: - იმ ყოველგვარი საქმის მიტოვება, რაც ცუდმედიდობას შობს; ხოლო საბოლოო სრულყოფილი სახე - თუკი შეიძლება, რომ უფსკრულის დასასრული იპოვო - არის ის, რომ კაცი მთელი ძალით ეძებდეს გინებას ლანძღვასა და შეურაცხყოფას.
51. საყვარელო, ნუ დაჰფარავ საკუთარ ნაკლს იმ მიზეზით, რომ მისი წარმოჩენით მოყვასს დააბრკოლებ.
52. ერთი და იმავე წამლის დადებით ყველა წყლულს ვერ განკურნავ, ამიტომ სხვა წამალია საჭირო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მოვიხვეჭთ დიდებას და სხვა მაშინ, როდესაც ჩვენი მცდელობის გარეშე მოდის ის ჩვენთან.
53. როდესაც ისეთ საქმეს აღვასრულებთ, რაც ამპარტავნებას მოგვიტანს, მაშინ ჩვენი გლოვა და სენაკში ლოცვისას ღვთის წინაშე მარტოდ წარდგომა გავიხსენოთ და ამ საშუალებით აუცილებლად გავანადგურებთ უსირცხვილო პატივმოყვარეობას; თუ მხოლოდ ჭეშმარიტი ლოცვის აღვლენაზე ვზრუნავთ, მაგრამ თუ ამგვარ განცდას ვერ მოვიპოვებთ, მაშინ ის სირცხვილი გავიხსენოთ, რომელიც პატივმოყვარეობას მოსდევს, რადგან ვინც „აღიმაღლოს თავი თვისი“, ის დამდაბლდება, როგორც აქ, ისე - მომავალ საუკუნეში.
54. როდესაც მაქებლები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილნი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ.
55. ხშირად პატივმოყვარენი ისეთ რამეს ითხოვენ ღვთისგან, რისი მიღებაც მართლაც სიკეთის მომტანია, ამიტომ უფალი წინ უსწრებს და მანამდე აძლევს მათ, ვიდრე ითხოვდნენ, რათა ის ლოცვით არ მოიპოვონ და მათი პატივმოყვარეობა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს.
56. გულით უბრალონი არც ისე ხშირად იწამლებიან ამ შხამით; რადგან პატივმოყვარეობა ანადგულრებს უბრალოებას და ზაკვითა და ორგულობით სავსე ცხოვრება მოაქვს.
57. არსებობს ასეთი მატლი, რომელიც აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საზომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება.
58. ვისაც ეს სენი არ შეხვედრია, ძალინ ახლოა ცხონებასთან, ხოლო მისით შეპყრობილი წმიდათა დიდებისგან მეტად დაშორებულია.

ოცდამეორე საფეხური. ვისაც პატივმოყვარეობა არ იპყრობს,
მას ვერ დაამარცხებს უგნური ამპარტავნება, რომელიც ღმერთის მტერი და მოძულეა.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/22.htm#sthash.M4xkfEQt.dpuf




წმინდა მამა იოანე კასიანე რომაელი პატივმოყვარეობის სულთან ბრძოლა


პატივმოყვარეობის სულთან ბრძოლა
ადამიანმა უნდა სძლიოს პატივმოყვარეობის უკეთურ სულს. იგი იმდენად მრავალსახიანია, მრავალგვარი და დახვეწილი, რომ თვით ყველაზე მახვილ თვალსაც კი უჭირს მისი დანახვა, ვამბობ მისგან თავის დაღწევაზე, მის გათვალისწინებასა და შეცნობაზე.
პატივმოყვარეობა  გვაცდუნებს არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი ცდომით.
პატივმოყვარეობა  ადამიანებს აგდებს არა მარტო ხორციელ,არამედ სულიერ ცოდვებშიც, იგი მის გონებას ყველაზე უფრო დიდი სიუერაგით ესხმის თავს და თუკი ხორციელი ვნებით აცდუნებს მას, უფრო დიდ ზიანს აყენებს სულიერ მიღწევათა გამო, რადგან დაფარულია მისი აცილების მსურველთა თვალიდან.სხვა ვნებათა თავდასხმა უფრო ხილულია და განცხადებული, მკაცრი წინაღდგომა აუძლურებს მათ და ძალაგამოცლილნი უღონოდ ებრძვიან მძლეველს. ხოლო პატივმოყვარეობა, როდესაც ქვეყნიური საცდურით აბრკოლებს სულს ( ვთქვათ, ლამაზი ტანისამოსით, ან სხვა რაიმე გარეგნული საგნით, ნივთითა და უპირატესობით), ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება და იძულლებულია უკან მიიქცეს, ვითარცა მრავალი სახის მქონე ბოროტება; სათნოების ნიღბით ცდილობს გამარჯვებულის დაძლევას.
პატივმოყვარეობას მრავალი სახე აქვს
ყველა სხვა ვნება საკმაოდ ერთგვაროვანია და მარტივი, პატივმოყვარეობა კი რთული, მრავალსახიანი ვნებაა; იგი მრავალი სახითაა აღჭურვილი და ყველგან და ყოველი მხრიდან ხვდება გამარჯვებულ ქრისტეს მხედარს. იგი ცდილობს სამოსელით, გარეგნობით, სიარულით, ხმით, საქმით, სიფხიზლით, მარხვით, ლოცვით, განდეგილობით, წიგნიერებით, ცოდნით, დუმილით, მორჩილებით, მოთმინებით აღუძრას სიამაყე ადამიანს და გააამპარტავნოს, პატივმოყვარეობა ჰგავს წყალქვეშა კლდეს, რომელიც დაღუპვას უქადის გამძვინვარებულ ზღვაში მავალ ხომალდს; თუმცა იგი წყნარ ამინდშიაც სახიფათოა და ეკიპაჟის დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
როგორ ესხმის თავს პატიუმოყვარეობა მოღვაწეს
ვისაც სამეუფეო გზით სურს სიარული, უნდა მისდიოს მოციქულის სწავლას: ,,ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქვენნი. . . საჭურველითა მით სიმართლისაით მარჯვენისაითა და მარცხენისაითა,  დიდებითა და გონებითა, გმობითადა ქებითა 92 კორ.6,7-8). ცდუნებათა ბობოქარ ტალღებს შორის გონიერებით მოარულმა და ზეგარდმო გადამოსული ღვთაებრივი სულით განათებულმა, ამგვარი სიფრთხილით უნდა იაროს სათნოების გზაზე და უნდა იცოდეს, რომ თუკი გეზს შეცვლის და გზას გადაუხვევს, მეყვსეულად დაიმსხვრევა წყალქვეშა, დამღუპველ კლდეზე. სწორედ ამიტომ ბრძანებს სოლომონ ბრძენი: ,,ნუ მიაქცევ მარჯვენით გინა თუ მარცხენით (იგავ. 4.27). ნუ ამაყობ სათნოებით, ნუ აიმაღლებ თავს სულიერ საქმეებში მიღწეული სიხარულის მომნიჭებელი წარმატებებით, ნუ მიიდრიკები ცოდვის მარცხენა მხარეს. მოციქულის სიტყვების კვალად: რომელთა დიდება სირცხვილსა შინა მათსა (ფილიპ. 3,19), რადგან ეშმაკი ვისშიც ვერ აღძრავს პატივმოყვარეობას მოხდენილი ტანისამოსით, ცდილობს მოუვლელი, შეუხედავი, უბრალო სამოსით აცდუნოს იგი; ვინც ვერ დასცა პატივით, დაბრკოლებად უხდის მორჩილებას; ვინც ვერ აიძულა თავი აემაღლებინა ცოდნითა და მჭერმეტყველებით, დუმილით ჩააგდო იგი ცოდვაში. ვინც აშკარად მარხულობს, ბოროტი მას ამქვეყნიური დიდებით აცდუნებს, ხოლო ვინც გაურბის სახელს და ფარულად ცდილობს მარხვის შენახვას, სწორედ ამ კრძალვას უდებს მას ხაფანგად. ის ვინც შეურაცხყოფს წუთისოფლის დიდებას და ძმათა თვალწინ ხანგრძლივ ლოცვას ერიდება, განრარტოებული სიმდაბლით ეძლევა პატივმოყვარეობას”.
რას შეიძლება შევადაროთ პატივმოყვარეობა?
ამ ცოდვას ბერები ადარებენ ხახვს, რადგან ხახვის ერთი ფენის ქვემოთ მეორე ფენაა, მეორის ქვემოთ მესამე და ა. შ. იმისთვის რომ განვიკურნოთ თავი, ყველა ამგვარი ,,ფენა” უნდა ჩამოვიშოროთ.
პატივმოყვარეობის მთლიანად ამოძირკვა უდაბნოშიაც შეუძლებელია
პატივმოყვარეობა მარტოობაშიც სდევს მას, ვინც დიდებისაგან განსარიდებლად ადამიანებთან ურთიერთობას გაურბის. რაც უფრო ეკრძალება ადამიანი სოფელს, მით უფრო ძალუმად უტევს მას პატივმოყვარეობა. ზოგიერთ ადამიანს პატივმოყვარეობა იმით იპყრობს, რომ გამრჯეა შრომასა და საქმეში, ზოგას იმით, რომ სწრაფად აღწევს მორჩილებას, სხვებს იგი გამორჩეული მოთმინების გამო ეუფლება ან დიდი ცოდნისა და წიგნიერების თუ მღვიძარების გამო. იგი ცდილობს ადამიანს ვნება თავისსავე სათნოებით მიაყენოს; პატივმოყვარეობა იარაღად იყენებს იმას, რითაც, ჩვეულებისამებრ, ცხოვრებას ეძიებს ადამიანი; სრულყოფისათვის მოღვაწეს მტერი ცდუნების ბადეს სხვაგან კი არ უგებს სადმე, არამედ იმ გზაზე, რომელსაც შესდგომია იგი. როგორც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ,,გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე” (ფსალმ.141,3). ამიტომაა რომ საკუთარი წარმატებით ამაღლებულნი, პატივმოყვარეობის ბადეში გახვეულნი, სათნოებათა სწორედ იმ გზაზე ვეცემით, რომელზეც ვესწრაფვით ,,გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა”. ხშირად ადამიანი, რომელიც სძლევს წინააღმდგომს და იმარჯვებს, ადვილად ეცემა საკუთარი ტრიუმფის სიმაღლის განცდის მიზეზით.ხშირად მარცხდება იგი მაშინაც, როდესაც აჭარბებს თავშეკავებაში, ანდა ზედმეტად ხარჯავს საკუთარ ძალებს და, სხეულის სისუსტის გამო, ბუნებრივი მდგომარეობიდან ვარდება.
დამარცხებული პატივმოყვარეობა უმეტესი ძალით იბრძვის
ყველა დამარცხებული ცოდვა თანდათანობით უძლურდება და ცხრება, ხოლო პატივმოყვარეობა პირიქით, უმეტესი ძალით აღსდგება ხოლმე საბრძოლველად. ჩვეულებისამებრ, როცა ჰგონიათ, რომ მოკვდა იგი, თავისი სიკვდილით კიდევ უფრო ღონიერდება. სხვა ვნებები იმას ესხმიან უპირატესად, ვინც დასცეს და სძლიეს, პატივმოყვარეობა კი თავის დამმარცხებელს უტევს განსაკუთრებული სისასტიკით: და რაც უფრო მეტადაა იგი ძლეული, უმეტესი სიძლიერით აღსდგება ადამიანის წინააღმდეგ. პატივმოყვარეობა მტრის ყველაზე დახვეწილი ცბიერებაა, რომელიც ქრისტეს მეომარს აიძულებს საკუთარი ისრების გამო დაეცეს ძირს.
პატივმოყვარეობის სენი არ ცხრება ასაკის მატებით
ზოგიერთი ვნება უძლურდება და მცირდება ადგილის ცვლილებითა თუ შესაბამისი ობიექტიდან მოცილებით. პატივმოყვარეობა არ სცილდება უდაბნოში გასულსაც კი, ადგილის შეცვლა არ მოქმედებს მასზე, რამეთუ ის სათნოების გზაზე ადამიანის წარმატებით სულდგმულობს. როგორც უკვე ვთქვით, სხვა ვნებები დროთა განმავლობაში უძლურდება და ქრება,ხოლო პატივმოყვარეობა, თუკი ადამიანი არ გამოიჩენს დიდ მონდომებასა და გონიერებას, არა თუ დასუსტდება, არამედ უმეტესი სიძლიერით აღსდგება.
პატივმოყვარეობა მაშინ უფრო სახიფათოა, როცა იგი სათნოებებს ერწყმის
ვნებები, რომლებიც აშკარად, თითქოს დღის სინათლეზე აღსდგებიან ადამიანის წინაარმდეგ, მათი საპირისპირო სათნოებების შებრძოლებისას, ადვილად მარცხდებიან, მათგან თავის დაღწევა არ არის ძნელი. პატივმოყვარეობა კი სათნოებასაა მიტმასნილი და ღამის წყვდიადში შეფარებულ ვნებათა ლაშქარში იბრძვის; იგი მუხანათურად აცდუნებს მას, ვინც არ ელის და არ უფრთხის.
რას ამბობს წმინდა წერილი პატივმოყვარეობის შესახებ
მოციქული გვასწავლის: ,, ნუმცა ვართ მზვაობარ”(5, 26). როდესაც მაცხოვარმა ამხილა ფარისეველნი, ბრძანა;  ,,ვითარ უკუე ხელ- გეწიფების  თქვენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურტიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლო საღმრთისასა არა ეძიებთ?”(იოან. 5,44). პატივმოყვარეობის შესახებ გვაფრთხილებს დავით წინასწარმეტყველიც: ,,ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნენანი” (ფსალმ.52,5). ანუ მათი, ვინც ადამიანზთა სურვილებს ეპირფერება, რათა მათი კეთილგანწყობა მოიხვეჭოს თავისსავე ანგარებისათვის, ამის გამო ღვთის მცნებას არღვევს, უფლის ნების წინააღმდეგ მოქმედებს.
ადამიანმა შეიძლება უმკურნალოს სულიერ ვნებებს, თუკი მათ საფუძველსა და მიზეზს მიაკვლვს
ეგვიპტელი მამები საკუთარ ცოდვებს იმიტომ ხდიდნენ საცნაურს, რომ ყოველ დამწყებსა და სულით მხურვალეს ცოდნოდა ძმათა საიდუმლოებები; როგორც სარკეში, ისე ეხილა ისინი, გულისხმაეყო მიზეზი ამ ცოდვებისა და მათი დათრგუნვის საშუალებები ესწავლა. მსგავსად გამოცდილი ექიმისა, რომელიც კურნავს დაავადებას დას თავიდან აცილებს ავადმყოფს სნეულებას, სულიერი მკურნალი, რომელიც, ვითარცა ზეციური წამლით, სულიერი დარიგებით ებრძვიან უკეთურ გულისთქმათ; ცოდვათა მიზეზის ახსნით, ეწინააღმდეგებიან ახალბედათა გულში ვნებათა გაძლიერებას.
პატივმოყვარეობის საწინააღმდეგო საშუალება
ქრისტეს მოღვაწე, ჭეშმარიტი სულიერი თავგანწირვის მოსურნე, ყოველი საშუალებით უნდა ეცადოს ამ მრავალსახიანი, მრავალგვაროვანი მხეცის ძლევას. იგი განერიდება ამ ბოროტებას, თუკი ეხსომება დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ,,ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ- მოთნენანი”(ფსალმ.52,5)

No comments:

Post a Comment